ლუკაშენკო: რუსეთი ათობით საჰაერო ხომალდსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს მოგვაწვდის, მათ შორის, შესაძლოა, C-400-საც
01/09/2021 14:31:13 მსოფლიო
ბელორუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთი ბელორუსს ათობით თვითმფრინავს, ვერტმფრენსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის, რომელთა შორის შესაძლოა, იყოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400.
ლუკაშენკოს განცხადებით, საუბარია "ულტრათანამედროვე აღჭურვილობაზე", ხოლო მისი საბოლოო ნუსხა ერთობლივი წვრთნების "დასავლეთი-2021" დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
- სტრატეგიული მანევრები 10-16 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 200 000-მდე სამხედრო, 760-მდე ერთული ტექნიკა და 15 ხომალდი ჩაებმება.
9 სექტემბერს მოსკოვში ლუკაშენკოსა და პუტინის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც ამასწინათ რუსეთში ბელორუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ განაცხადა, მხარეები ხელს მოაწერენ რიგ "საგზაო რუქებს" რუსეთ-ბელორუსის ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუმცა მოგვიანებით საელჩომ მისი სიტყვები უარყო. თავად ლუკაშენკო კი აცხადებს, რომ დოკუმენტები შესაძლოა, ოქტომბერ-ნოემბერში გაფორმდეს.
- ივლისში ლუკაშენკო ირწმუნებოდა, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსების საჭიროება არ არსებობდა, თუმცა "საჭიროების შემთხვევაში" ქვეყანაში რუსული ჯარის გადასროლას არ გამორიცხავდა და აცხადებდა, რომ მის ადმინისტრაციას "შეეძლო, ნახევარი მილიონი შეიარაღებული პირი დაეყენებინა".


