თალიბების მოწინააღმდეგეები: "თალიბანმა" სიტყვა გატეხა და პანჯშირის პროვინციას უტევს, ასობით თალიბია ლიკვიდირებული"
31/08/2021 12:53:02 მსოფლიო
პანჯშირის პროვინციაში მყოფი “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი” (NRF) აცხადებს, "თალიბანმა" სიტყვა გატეხა და პროვინციაზე შეტევა დაიწყო.
როგორც CNN იუწყება, ბრძოლის თაონბაზე ცნობებს როგორც NRF, ისე "თალიბანი" ადასტურებს.
"ჩვენსა და "თალიბანს" შორის თავდასხმის არგანხორციელებაზე სიტყვა იყო დადებული. თალიბებმა პირობა გუშინ საღამოს დაარღვიეს და პროვინციაზე შეტევა სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან სცადეს. საბედნიეროდ ჩვენ შევძელით ამ თავდასხმის მოგერიება და მტერმა უკან დაიხია", – განაცხადა NRF–ის წარმომადგენელმა ალი ნაზარიმ.
მისივე ცნობით, ხავაკის უღელტეხილის მიდამოებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს:
"ჩვენი ძალები პული ჰისარში არიან და შეტაკებები გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ასობით თალიბია ლიკვიდირებული".
შეგახსენებთ, რომ პანჯშირი ქაბულიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი ვერც საბჭოთა კავშირმა დაიკავა 1980-იან წლებში და ვერც "თალიბანმა" 1990-იანებში (ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას).
პროვინცია ამჟამად NRF აკონტროლებს. იგი NRF–ის გმირის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟმა აჰმად მასუდმა დააარსა. “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის" მიზანი ქვეყანაში მმართველობის დეცენტრალიზაციაა.


