Accentnews.ge
მსხვერპლი, დენის გარეშე დარჩენილი მილიონზე მეტი ოჯახი – რა ხდება აშშ–ში, სადაც ქარიშხალსა და ხანძარს ერთდროულად ებრძვიან (ვიდეო)

მსხვერპლი, დენის გარეშე დარჩენილი მილიონზე მეტი ოჯახი – რა ხდება აშშ–ში, სადაც ქარიშხალსა და ხანძარს ერთდროულად ებრძვიან (ვიდეო)

31/08/2021 09:41:23 მსოფლიო

აშშ–ის ლუიზიანას შტატში ქარშხალ "იდას" ებრძვიან, ხოლო კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ხანძარს.

ლუიზიანას "იდა" გუშინ დაატყდა თავს. ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ, სულ მცირე, 2 ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოგლიჯა ხეები. ამ დროისთვის 1 000 000–ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის დენის მიწოდების აღდგენას.

მოგვიანებით, ძლიერი წვიმა წამოვიდა. ამინდის ეროვნულმა სააგენტომ შტატის მოსახლეობა წყალდიდობის თაობაზე გააფრთხილა და შემაღლებულ ადგილებზე გადაადგილებისკენ მოუწოდა.

მაშველები სხვადასხვა ადგილზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ამ დრომდე აგრძელებენ. სამაშველო სამუშაოებში, მათ შორის სპეცტექნიკა და ეროვნული გვარდიაა ჩართული.

ამ დროისთვის "იდას" სიჩქარე 95 კმ/სთ-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ახლა პირველი კატეგორიის ქარიშხალია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შიში, რომ ქარიშხალი კვლავ გაძლიერდეს.

რაც შეეხება კალიფორნიას, მეხანძრეები ჩრდილოეთ კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძრის ჩაქრობას 2 კვირაზე მეტია, ცდილობენ. ცეცხლი დაახლოებით, 168,387 აკრის ფართობზეა გავრცელებული.

ხანძარი შტატის ჩრდილოეთით მდებარე მჭიდროს დასახლებული ადგილებისკენ მიიწევს, რის გამოც გუშინ ათასობით ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ხანძრის მხოლოდ 13%–ია ლიკვიდირებული. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაციით დაშავებულია 5 პირი, მათ შორის მეხანძრეები. ცეცხლმა შენობები, ავტომობილები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გაანადგურა.

ცეცხლის ქრობის პროცესში სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალაა ჩართული.

როგორც კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S