აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა
31/08/2021 05:37:29 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა.
„ჩვენი 20 წლიანი სამხედრო ყოფნა ავღანეთში დასრულდა. ბოლო 17 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა განახორციელეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია და გამოიყვანეს 120 000-ზე მეტი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები, ასევე შეერთებული შტატების ავღანელი მოკავშირეები”, - განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, ავღანეთის დატოვება ყველა მსურველმა ვერ შეძლო და მსოფლიო „თალიბანს“ აკისრებს ვალდებულებას, ამ ადამიანების ქვეყნიდან უსაფრთხო გასვლა უზრუნველყოს.
„თალიბები“ ამერიკული ჯარის გასვლის პროცესის დასრულებას მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.
აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დატოვებისთვის ვადა 31 აგვისტომდე ჰქონდათ. 15 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო, რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის პროცესი სწრაფ და ქაოსურ რეჟიმში მიმდინარეობდა., ქვეყნის დატოვების ყველა მსურველის გაყვანა ვერ მოხერხდა და ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ათასობით ადამიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დასავლურ ქვეყნებს დახმარებას უწევდა და ამის გამო ახლა საკუთარ ქვეყანაში „თალიბებისგან“ საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარი 2 აფეთქების შედეგად 170-მდე რიგითი მოქალაქე და 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინციამ" აიღო.


