კლუგე დეკემბრამდე ევროპაში კორონავირუსით 236 000 ადამიანის გარდაცვალებას პროგნოზირებს, ფაუჩი – 100 000 მოქალაქის
30/08/2021 16:33:14 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, 1 დეკემბრამდე ევროპაში კორონავირუსით შესაძლოა, კიდევ 236 000 ადამიანი დაიღუპოს.
მისივე თქმით, ამ დრომდე ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში კორონავირუსს 1.3 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. 33 ქვეყანაში ავადობის კოეფიციენტი ბოლო 2 კვირაში 10%-ით გაზრდილია.
კლუგეს თქმით, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების მატება კოვიდშეზღუდვების გაუქმებამ და ზაფხულში მოგზაურობის ზრდამ გამოიწვია.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ადამიანების დაახლოებით ნახევარი სრულად არის ვაქცინირებული, რეგიონში, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი შემცირდა:
„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, დაფარვის მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა, რაც განპირობებულია ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინებზე წვდომის ნაკლებობით".
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში დეკემბრამდე კორონავირუსს შესაძლოა კიდევ 100 000 ადამიანი ემსხვერპლოს. ამის მიზეზად ფაუჩი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის პროცესის შენელებას ასახელებს. მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.
ამჟამად აშშ-ში ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 52.3%-ია აცრილი.


