გაერო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გაიზიარონ ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა და არ ჩაკეტონ საზღვრები რისკის ქვეშ მყოფი ავღანელებისთვის
30/08/2021 12:32:44 მსოფლიო
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ავღანეთის მოსახლეობა წინ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი ელოდება.
"ბოლო პერიოდში 39–მილიონიანი ქვეყნის 3,5 მილიონი მოქალაქე დევნილად იქცა, მათ შორის 1,5 მილიონმა ადამიანმა ავღანეთი 2021 წელს დატოვა. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძლონ ავღანეთში ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება", – განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ.
ამასთან, მან ავღანეთის მეზობელ და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, არ ჩაკეტონ საზღვრები იმ ავღანელებისთვის, რომლებიც ძალადობას გაურბიან და საფრთხის ქვეშ არიან.
ფილიპო გრანდიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გაიზიარონ ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა ირანთან და პაკისტანთან ერთად, რომლებსაც 2,2 მილიონი ავღანელი უკვე ჰყავს შეფარებული.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა, ავღანელების დიდი ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს.


