
ჯანმო და UNICEF ქვეყნებს სასწავლო პროცესის საკლასო ეთახებში განახლებისა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების აცრებისკენ მოუწოდებენ
30/08/2021 08:31:39 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაერო–ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდებარე ქვეყნებს სასწავლო პროცესის საკლასო ეთახებში განახლებისა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების აცრებისკენ მოუწოდებენ.
"მაშინ, როცა ევროპის რეგიონში, სადაც ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით', – ნათქვამია ჯანმო–სა და UNICEF–ის ერთობლივ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად.
“უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით”,– ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში:
“პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ”.
სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:
- სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
- შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
- შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
- დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
- დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
- გაუმჯობესდეს სასკოლო გარემო;
- ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.