ბულგარეთი საზღვარზე ჯარს გზავნის
27/08/2021 18:22:11 მსოფლიო
ბულგარეთი საბერძნეთსა და თურქეთთან საკუთარი საზღვრების 700–მდე ჯარისკაცით გაძლიერებას გეგმავს.
ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ევროპაში 2015 წლის მიგრაციული კრიზისის განმეორების შიში გააძლიერა. ბევრი მიგრანტი თურქეთიდან საზღვრის გადაკვეთით შემოდის და ე.წ. ბალკანური მარშრუტით აგრძელებს გზას ევროპის უფრო მდიდარი ქვეყნებისკენ.
"ზეწოლა ბულგარეთის საზღვრებზე იზრდება, რაც მთავრობის მხრიდან მოქმედებას მოითხოვს, და ის სწორედ ამას აკეთებს. სამხედროები მზად იქნებიან, დაეხმარონ პოლიციას და მესაზღვრეებს ბარიერების აგებასა და მეთვალყურეობაში" , - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გეორგი პანაიოტოვმა.
ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელ კვირებში თურქეთსა და საბერძნეთთან საზღვრებზე შეიმჩნევა "მიგრაციული ზეწოლის ზრდა".
ავღანელი მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ევროპის შეშფოთების ნიშნად, ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ სლოვენიამ, განაცხადა, რომ 31 აგვისტოს, ბრიუსელში, შედგება ბლოკის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა. საბერძნეთი და თურქეთი, რომელიც არ არის ევროპის კავშირის წევრი, ასევე შეშფოთებული არიან მიგრაციის ახალი ტალღით ევროპაში და საპასუხო ზომების კოორდინაცია დაიწყეს.


