
დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს
27/08/2021 17:21:17 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს, თუმცა რჩება მზადყოფნის რეჟიმში, საჭიროების შემთვევაში, აღადგინოს მუშაობა.
“დიღმის საველე ჰოსპიტალი ძირითადად ტრიაჟისთვის იყო, იქ პაციენტებს პირველი დახმარება და ვისაც სჭირდებოდა, ჟანგბადით ინჰალაცია უტარდებოდათ და შემდეგ გადაჰყავდათ კლინიკებში, ან პირიქით, აბრუნებდნენ სახლის პირობებში სამკურნალოდ.
რადგან აქტიური შემთხვევები მცირდება ქვეყანაში, ამ ეტაპზე ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება, გვყოფნის საწოლების რაოდენობა კლინიკებში.
მაგრამ ის არ წყვეტს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ის დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში საწოლების რაოდენობა საკმარისია და გამოჯანმრთელება უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირება, რის გამოც აღარაა საჭირო იმუშაოს საველე ჰოსპიტალმა.
თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტდარბაზში, საველე ჰოსპიტალი ჯანდაცვის სამინისტრომ გახსნა. ჯამში, მას 500-მდე პაციენტის მიღება შეუძლია.