თბილისში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო
27/08/2021 06:59:47 საზოგადოება
თბილისში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს არის სპეციალური ავტობუსი, სადაც მოქალაქეები კუთვნილ ვაქცინას და უსაფრთხო მომსახურებას მიიღებენ.
თბილისის ტერიტორიაზე სამი ავტობუსი განთავსდა - ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის ტერიტორიაზე. ჯამში კი დაგეგმილია, რომ მსგავსი ათი მობილური ცენტრი მოეწყოს.
"ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. კერძოდ, ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილები, სადაც მოქალაქე მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რასაც ის მიიღებდა პოლიკლინიკაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.


