სამხრეთ კორეაში ევაკუირებულ ავღანელ ბავშვებს აეროპორტში საჩუქრებით დახვდნენ (ფოტო)
27/08/2021 04:52:12 მსოფლიო
ავღანეთიდან სამხრეთ კორეაში ევაკუირებულ ავღანელებს სოლიდარობის გამომხატველი ბანერებითა და საჩუქრებით დახვდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სეულის ინჩონის აეროპორტში ჩასულ ავღანელ ბავშვებს სათამაშო დათუნიები დაურიგეს.
აეროპორტის გასასვლელთან კი გამოფინეს ბანერები შემდეგი წარწერით: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩვენ ყველანი გვიყვარხართ". სოლიდარობის გამომხატველი ბანერებია გაკრული იმ სასტუმროს წინ, სადაც ევაკუირებულ ავღანელებს განათავსებენ.
"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს", – წერია ერთ–ერთ ბანერზე.
სამხრეთ კორეაში ჩასული ავღანელები ლტოლვილების ნაცვლად "განსაკუთრებული დამსახურების პირებად" არიან მიჩნეულნი.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.


