"დაახლოებით 1000 ამერიკელი რჩება ავღანეთში, თავდასხმების მიუხედავად, ვაგრძელებთ ევაკუაციის პროცესს"
26/08/2021 19:18:11 მსოფლიო
აშშ–ის ცენტრალური სარდლობის მეთაური გენერალი ფრენკ მაკენზი აცხადებს, რომ ავღანეთიდან თანამოქალაქეებისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება.
"ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1000 ამერიკელი რჩება, თავდასხმების მიუხედავად, ვაგრძელებთ ევაკუაციის პროცესს", – განაცხადა გენერალმა მაკენზიმ.
მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმაც.
ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. "თალიბანმა" მომხდარი დაგმო. აშშ–ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.
ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 12 ამერიკელი ჯარისკაცი და 60 რიგითი ავღანელი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 140 რიგითი მოქალაქე.


