პენტაგონი: "ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს არაერთი ამერიკელი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა"
26/08/2021 15:10:25 მსოფლიო
პენტაგონის პრეს-მდივანი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს "არაერთი ამერიკელი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა"
მისი თქმით, განხორციელდა "კომპექსური თავდასხმები".
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია ვითარება ქაბულის აეროპორტთან აფეთებების შემდეგ:
მომხდარის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ ქაბულის აეროპორტთან, ხოლო ადგილზე უკვე მყოფ პირებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულის მიზეზად ტერაქტის განხორციელების საფრთხე სახელდება.
24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.
მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.


