თამარ გაბუნია: "დელტა შტამი ორსულებთან მიმართებით მეტი აგრესიულობით ხასიათდება"
26/08/2021 11:45:40 საზოგადოება
ორსულებში დელტა შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში: დაავადებამ შეიძლება, შედარებით მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ორსულებისთვის ვაქცინაცია და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით. ასევე დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ორსულებისთვის, რომელთა შემთხვევებშიც დაავადება მსუბუქი მიმდინარეობისაა, დამატებითი კომპონენტი ამოქმედდება და მათ სპეციალიზებულ კლინიკაში გაეწევათ კონსულტაცია:
„რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისითვის 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება“.
გაბუნიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, არის რესურსი, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა გაეწიოს.


