თურქეთმა ავღანეთიდან სამხედროების ევაკუაცია დაიწყო
26/08/2021 06:58:47 მსოფლიო
თურქეთმა ავღანეთიდან სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.
”სხვადასხვა კონტაქტების, არსებული მდგომარეობისა და პირობების შეფასების შემდეგ დაიწყო თურქეთის შეიარაღებული ძალების ევაკუაცია. თურქეთის შეიარაღებული ძალები ბრუნდებიან სამშობლოს მიწაზე სიამაყით იმის გამო, რომ შეასრულეს თავიანთი დავალება", - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, თურქი ექსპერტები შესაძლოა, დარჩენ ავღანეტში და "თალიბანს" ქაბულის ეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარება გაუწიონ.
24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.
მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს.
15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.


