მედია – CIA და ჯარისკაცები ავღანეთის მასშტაბით ამერიკელების მოსაძიებლად, მათ შორის საჰაერო ხომალდების ჩართულობით საიდუმლო ოპერაციებს ატარებენ
26/08/2021 06:44:46 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) და ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთის მასშტაბით საიდუმლო ოპერაციებს ატარებენ, რათა ქვეყნიდან ამერიკული კონტინგენტის გასვლის შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე არც ერთი ამერიკელი არ დარჩეს, – იუწყება The Wall Street Journal შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, საიდუმლო ოპერაციებში ჩართულია, როგორც ჯარისკაცები, ასევე საჰაერო ხომალდები.
"ოპერაციები უდიდეს რისკებთან არის დაკავშირებული. CIA და სამხედროები მუშაობენ, როგორც ქაბულში, ისე მის ფარგლებს გარეთ", – წერს გამოცემა.
![]()
გუშინ გამართულ ბრიფინგზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "ავღანეთში ამ დროისთვის შესაძლოა, 1500 -მდე თანამოქალაქე კვლავ იყოს და ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს მათ მოსაძებნად".
24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.
მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს.

15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.


