Accentnews.ge
აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ ქაბულის აეროპორტთან, ხოლო ადგილზე უკვე მყოფ პირებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ ქაბულის აეროპორტთან, ხოლო ადგილზე უკვე მყოფ პირებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

26/08/2021 05:40:18 მსოფლიო

აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ ქაბულის აეროპორტთან, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც აეროპორტთან უკვე იმყოფებიან, ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულის მიზეზად ტერაქტის განხორციელების საფრთხე სახელდება.

"არსებობს ტერორისტული თავდასხმების ძალიან მაღალი რისკი", – განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა.

შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა ქაბულის აეროპორტსა და მის შესასვლელთან მყოფ თანა მოქალაქეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დატოვონ“ ტერიტორია.

შესაბამისი რეკომენდაცია გასცა გაერთიანებულმა სამეფომაც და თანამოქალაქეებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდა.

”თუ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებით, გადადით უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ შემდგომ რჩევას”, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი გაფრთხილება სხვა ქვეყნებს ამ ეტაპზე არ გაუციათ.

სამშაბათს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ევაკუაციის პროცესი მალე უნდა დასრულდეს, რადგან ავღანეთში მყოფი "ისლამური სახელმწიფოს" წევრებისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება.

ქვეყნები ცდილობენ, რაც შეიძლება, სწრაფად გამოიყვანონ თანამოქალაქეები და ავღანელი პერსონალი ავღანეთიდან, რადგან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

როგორც გუშინ პენტაგონში განაცხადეს, დაახლოებით, 10 000 ადამიანი ელოდება ქაბულის აეროპორტიდან ამერიკული თვითმფრინავების მეშვეობით ევაკუაციას.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 82 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ათასობით მოქალაქე კვლავ გამგზავრების მოლოდინშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S