"გერმანია „თალიბანთან“ სასაუბროდ მზადაა, თუმცა მათ უპირობო შეთანხმებებს არ შესთავაზებს"
25/08/2021 11:54:06 მსოფლიო
"ბერლინი „თალიბანთან“ სასაუბროდ მზადაა", ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს თალიბებთან, "რათა შეინარჩუნოს გასული 20 წლის მიღწევები, თუმცა ბერლინი "თალიბანს" უპირობო შეთანხმებებს არ შესთავაზებს".
მანამდე კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი ქაბულის აეროპორტიდან თანამოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციის პროცესს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე აეროპორტი აშშ–ის კონტროლის ქვეშ იქნება.
ოფიციალაური მონაცემებით, ამ დროისთვის გერმანიას ავღანეთოდან 4500 ადამიანი, მათ შორის 3700 ავღანელი ჰყავს ევაკუირებული.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.
მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.


