"წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც ქუჩის აქციებს უკავშირდებოდა"
25/08/2021 09:45:46 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასულ წელს არჩევნების შემდეგ მობილობის ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, არჩევნები რეგულირებად გარემოში ჩატარდეს:
"წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს. ეს იყო მთავარი ბუსტერი იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლი შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციების პირობებში მაღალი ინფექციის გავრცელების რისკია".
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხზე. მისივე თქმით, წინა წლის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. "ქართული ოცნება" არჩვენების გადადების საკითხს ამ ეტაპზე გამორიცხავს.


