გამოკითხვა: რუსეთის მოქალაქეთა 40%-ს აუცილებელი პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს
25/08/2021 08:51:05 მსოფლიო
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეთა თითქმის 40 პროცენტი შემოსავლების სიმწირის გამო აუცილებელ საქონელსა და პროდუქტს ვეღარ ყიდულობს, - იუწყება "Левада-центр"-ი უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, იმ რესპონდენტებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ, თავს ხანგრძლივი მოხმარების ნივთების (ავეჯი, ტექნიკა, ავტომობილი და სხვა) შეძენის უფლება მისცენ, 16% ამისგან თავს იკავებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენაზე უარს თითქმის მეოთხედი ამბობს, ბინას კი შესაბამისი შესაძლებლობის მქონეთა ნახევარი არ ყიდულობს.
გამოკითხულთა მესამედზე მეტმა ქვეყანაში პროდუქტებისა და მომსახურების ფასების მნიშვნელოვანი ზრდა აღნიშნა.
ივლისის დასაწყისში "როსსტატმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივნისში ინფლაციამ წლიური გამოსახვით 6,5% შეადგინა, რაც 2016 წლის აგვისტოდან დღემდე მაქსიმალური მაჩვენებელია.
"როსსტატის" მონაცემებით, საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 17 მლნ 800 ათასს, ანუ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 12%-ს შეადგენს. ცხოვრების დონე ყველაზე დაბალია ტუვაში (34%), ინგუშეთსა (30%) და ყაბარდო-ბალყარეთში (24%).
2020 წლის ივლისში პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში სიღარიბის დონის 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ შემცირების მიზანი გამოაცხადა. 2017 წელს რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა შემოსავლებიც საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყო, თითქმის 19 მილიონს, ანუ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 13%-ს შეადგენდა.


