მედია– ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა
24/08/2021 18:23:19 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა, - იუწყება Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, პენტაგონმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, აშშ-ის ჯარების გამოყვანა გეგმით გათვალისწინებულ თარიღამდე, 31 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს, რაზეც ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა.
გუშინ "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.


