Accentnews.ge
ავღანეთში იტალიის კონსული ქაბულის აეროპორტში რჩება და ხალხს ევაკუაციაში ეხმარება

ავღანეთში იტალიის კონსული ქაბულის აეროპორტში რჩება და ხალხს ევაკუაციაში ეხმარება

24/08/2021 16:19:44 მსოფლიო

ავღანეთში იტალიის კონსული ტომასო კლაუდი ქაბულის აეროპორტში რჩება და ხალხს ევაკუაციაში ეხმარება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ასახულია როგორ აჰყავს ხელში იტალიელ დიპლომატს ავღანელი ბავშვი, რომელსაც მოგვიანებით, სამხედროს აწვდის.

"დრამატული სცენების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვხედავთ უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიას და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია", – განაცხადა კონსულმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ კლაუდი ბოლო წამამდე მუშაობს ავღანელი ხალხის დასახმარებლად.

"ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით, იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ სიყვარულითა და თავდადებით აკეთებთ", - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი კონსულის შესახებ.

გუშინ "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.

დღეს "დიდი შვიდეულის" ლიდერების შეხვედრა იმართება, რომლის მთავარი თემა, მედიის ცნობით, ევაკუაციის საკითხი იქნება.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S