ჯანმო–ს სურს, ავღანეთისკენ ევაკუაციის მიზნით მიმავალმა თვითმფრინავებმა ავღანელებისთვის ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი სამედიცინო ტვირთი ჩაიტანონ
23/08/2021 12:47:43 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მის მიერ ავღანელი ხალხისთვის გამოყოფილი 500 ტონამდე სამედიცინო ტვირთის ქვეყანაში შეტანა ვერ ხერხდება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ქაბულის აეროპორტში შექმნილი ვითარებაა.
”სანამ მსოფლიო ახლა ავღანეთიდან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციითაა დაკავებული, ადგილზე დარჩენილ ხალხს სასიცოცხლოდ ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვინც ადგილზე რჩება", – აცხადებენ ჯანმო–ში.
როგორც ჯანმო–ში აღნიშნავენ, ორგანიზაციას სურს, ავღანეთისკენ ევაკუაციის მიზნით მიმავალი თვითმფრინავები დაეშვნენ დუბაიში, დაიტვირთონ სამედიცინო მასალებითა და აღჭურვილობით და შემდეგ გაფრინდნენ ავღანეთში.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


