"ქუჩაში ვრჩები" – გაფიცვაში მონაწილეობის შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლეს
23/08/2021 11:38:18 საზოგადოება
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საპროტესტო გაფიცვაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
„თათბირი იყო და არ შემიშვეს თათბირზე, გამომიტანეს განცხადება, წამიკითხეს, შენ გაგდებული ხარო“, - განაცხადა ბაღდავაძემ.
ირაკლი ბაღდავაძე ამბობს, რომ მშრალი შიმშილობა დაიწყო და არ სეწყვეტს სამართლიანობის აღდგენამდე:
"ან სამართალი, ან სიკვდილი. ვთხო საქართველოს, გვერდში დამიდგეს. ქუჩაში ვრჩები უმუშევარი ვალებით".
თავის მხრივ „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
9 აგვისტოს გაფიცვა შეწყდა მას შემდეგ, რაც დასაქმებულებმა მერიისგან ხელფასის ზრდის დაპირება მიიღეს, მომავალი წლიდან.
17 აგვისტოს, ირაკლი ბაღდავაძემ „მთავარ არხთან“ ისაუბრა დასუფთავების სამსახურში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით.
„უზარმაზარი ფული იჭმევა დასუფთავებაში. მგონი, უკვე იმდენს მიაღწია, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ექნება მაგდენი“, - ამბობდა ის. მისივე მტკიცებით, დასაქმებულთა უნიფორმებს თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს.


