"თალიბანი" ბაიდენს პასუხობს: "31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გააგრძელებთ ევაკუაციას, იქნება შედეგები"
23/08/2021 09:40:10 მსოფლიო
"თალიბანი" აშშ–ს აფრთხილებს, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.
ამასთან, მედიის ცნობით, ხვალისთვის დაგეგმილ "დიდი შვიდეულის" ლიდერების შეკრებაზე ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი ბაიდენს ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.
მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.


