ვაშაძე: "ფატალური ვითარებაა! რეგულაციები უნდა გამკაცრდეს"
23/08/2021 08:51:04 საზოგადოება
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქვეყანაში ფატალური ვითარებაა და ვიდრე მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არ აიცრება, არსებული რეგულაციები ძალაში უნდა დარჩეს.
ამასთა, როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
"გამოსავალი, სამწუხაროდ, ერთადერთია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა, უნდა გაფართოვდეს ტესტირების შესაძლებლობაც და უფასო ტესტირება უნდა იყოს შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის. სანამ ჩვენ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით მოსახლეობის დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა. გვაქვს ფატალური ვითარება ქვეყანაში", - განაცხადა ვაშაძემ.
23 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 354 ახალი შემთხვევა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა:
- შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.
- გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.


