მსახიობი გოჩა ლომია გარდაიცვალა
23/08/2021 08:42:40 საზოგადოება
69 წლის ასაკში მსახიობი გოჩა ლომია გარდაიცვალა.
სამძიმრის წერილს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მან ქართველ მაყურებელს თავი დაამახსოვრა რეზო ჩხეიძის 1969 წელს გადაღებული ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“, სადაც ის „ბოლოკას“ როლს თამაშობს. ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში „ნერგები“ და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „მოხეტიალე რაინდები“.
„როგორც თავად იხსენებდა, 15 წლის იყო, როდესაც „ღიმილის ბიჭებს“ შორის, შემთხვევით აღმოჩნდა - მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი, ვუპასუხე. აბა, ლექსი წაგვიკითხეო. ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს...ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი“ , - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.


