"მნიშვნელობა არ ჰქონდა როდის დაიწყებდა აშშ ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რთული და მტკივნეული პროცედურა იქნებოდა"
23/08/2021 05:36:12 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მნიშვნელობა არ ჰქონდა როდის დაიწყებდა აშშ ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რთული და მტკივნეული პროცედურა იქნებოდა.
"არ არსებობს ამდენი ადამიანის ევაკუაცია ტკივილისა და დანაკარგის გარეშე, ან იმ გულისამაჩუყებელი სურათების გარეშე, რასაც ტელევიზიით ხედავთ. ეს უბრალოდ ფაქტია. გული მეწვის იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხედავთ",– განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევაკუაციის ოპერაცია სახიფათოა და ადგილზე ვითარება სწრაფად იცვლება. ბაიდენმა ერთ-ერთ საფრთხედ ა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან შესაძლო თავდასხმები დაასახელა, რომელთა სამიზნე, აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, გახდნენ როგორც ავღანელები, ისე ამერიკელი სამხედროები.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გამოყვანის ვალდებულება აქვს
ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ავღანეთიდან, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფ ავღანელ ქალებსა და ჟურნალისტებს გამოიყვანს.
მისივე თქმით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.
როგორც მან განაცხადა, ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000–მდე ადამიანი გაიყვანა.


