ქუთაისში “ფაიზერის” მეორე დოზით აცრაზე მისულ პირებს “სინოფარმი” გაუკეთეს
20/08/2021 17:25:26 საზოგადოება
ქუთაისში “ფაიზერის” მეორე დოზით აცრაზე მისულ პირებს “სინოფარმი” გაუკეთეს. ამის შესახებ მოქალაქე მარი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებსაც აქვეყნებს.
“ჯერ ერთი, საშინლად არეული და ცოცხალი რიგი დამხვდა ადგილზე მისულს, როცა წინასწარ დავრეგისტრირდი და ის დრო შევარჩიე, რომელიც მაწყობდა. ამ დროს ოთახიდან ისმის ხმა: “დღეს მხოლოდ “ფაიზერია” ქალბატონო, სხვა აცრა დღეს არ გვაქვს". [...] ექიმთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მივედი ექთანთან, მეთქი გავიგე, თბილისში აერიათ ვაქცინები და შეიძლება, ვნახო-მეთქი და კი, აი ნახე და თუ გინდა გადაიღეო. მაჩვენა ფლაკონი, გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მითხრა, მე მივაწერე, მჭირდებოდაო. უკან ჩინური წარწერებია. ვეკითხები რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე "ფაიზერი"-მეთქი და არა, ეს არის “ფაიზერიო”, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, “სინოფარმი” ორშაბათს და ოთხშაბათს არისო, დღეს პარასკევიაო და გავჩერდი. აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი და მეუბნება მაცივარი აქ არის, გაჩვენებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო. თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). შევუვარდი იმ ქალს, ავტეხე ერთი ამბავი. მე და ერთი კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ. მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა ერთი შეკვრა. არ ვიცი, შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ჩემამდეც ყველას “სინოფარმით” ცრიდნენ და “ფაიზერს” უწერდნენ", – წერს მარი ჭეიშვილი.
მისი თქმით, კლინიკის დირექტორი მამუკა იოსელიანი დაჰპირდა, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანდა.
როგორც ჭეიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ვერც ის უთხრეს, ჩაითვლება თუ არა იგი სრულად ვაქცინირებულად:
"ჯანდაცვაში დარეკეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებაო. ორ კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულადო. თუ არადა ისიც არ იციან ალბათ, რას იზამენ ".
“ევექსის” ჰოსპიტალების ქსელში აცხადებენ, რომ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა:
"დღეს, ქუთაისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და კლინიკური გუნდი შეიწავლის ფაქტს. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი მედპერსონალი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და უკვე 2 წელია, 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება, დაცულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია, სამწუხაროდ,მოხდა ვაქცინის არევის ფაქტი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურად ასეთი შემთხვევები შესწავლილია და საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მედდას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ამ ფაქტის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის".
როგორც "აქცენტს" “ევექსის” ჰოსპიტალების ქსელში განუცხადეს, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს:
"საბედნიეროდ, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კლინიკური გუნდის ჩართულობით ჩავუტაროთ მათ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ჯანმრთელობის მონიტორინგი".


