სასოწარკვეთილი ავღანელები – უცხოელ ჯარისკაცებს: "თუ ჩვენი გაყვანა არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ჩვენი შვილები გაიყვანეთ"
20/08/2021 10:20:50 მსოფლიო
The Telegraph ქაბულის აეროპორტში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე წერს. როგორც გამოცემა იუწყება, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი სასოწარკვეთილი ავღანელია შეკრებილი. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობენ.
The Telegraph–ის ცნობით, ავღანელები, რომელთაც აეროპორტის ღობის მიღმა გადასვლის საშუალებას არ აძლევენ, ცდილობენ, შვილების უსაფრთხოება მაინც უზრუნველყონ და ამ მიზნით ბავშვები ხალხის ხელიდან ხელში გადადის, რათა საბოლოოდ უცხოელ ჯარისკაცებამდე მიიყვანონ.
"ვიღაცამ მორიგი ბავშვი ასწია მაღლა, რათა ღობის მიღმა მდგომ ბრიტანელ ჯარისკაცამდე მიიყვანოს. აქ შეკრებილ ხალხს ერთი მიზანი და თხოვნა აქვს: "თუ ჩვენი გაყვანა არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ჩვენი შვილები გაიყვანეთო". პარალელურად, აეროპორტთან მყოფი თალიბები ქვეყნის აღების შედეგად დაუფლებულ ამერიკულ იარაღს იყენებენ, სასოწარკვეთილი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების დასაშლელად. ისინი შედიან ხალხის მასაში ავტომატის კონდახებით უსწორდებიან მოქალაქეებს და ისვრიან არა ჰაერში, არამედ დამიზნებით", – წერს The Telegraph.
ქაბულის აეროპორტთან არსებულ შოკისმომგვრელ ვითარებაზე Reuters-იც იუწყება. გამოცემა აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია, როგორ აწვდიან ავღანელ ჩვილს ამერიკელ ჯარისკაცს.



