მედია – თალიბებმა წინა ხელისუფლების წარმომადგნლების დევნა დაიწყეს
20/08/2021 06:22:48 მსოფლიო
"თალიბანმა" ავღანეთში იმ ადამიანების ძებნა დაიწყო, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა ან ნატო–სა და აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობდა, – იუწყება Reuters გლობალური ანალიზის ნორვეგიული ცენტრის (RHIPTO) ანგარიშზე დაყრდნობით.
"თალიბები აკავებენ მათ და სჯიან შარიათის კანონების საკუთარი ინტერპრეტაციის შესაბამისად... განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან პირები, რომლებსაც არმიაში, პოლიციაში ან საგამოძიებო ორგანოებში წამყვანი პოზიციები ეკავათ", - ნათქვამია ანგარიშში.
RHIPTO-ს განცხადებით, ავღანეთზე ანგარიში უკვე გადასცეს სააგენტოებსა და ცალკეულ პირებს, რომლებიც გაერო–სთან მუშაობენ.
ამასთან, BBC წერს, რომ დაჯგუფების წევრები მათ სამიზნეებს კარდაკარ ეძებენ და ემუქრებიან:
მისივე ცნობით, ყველა, ვინც "თალიბანის" ე.წ. შავ სიაშია საფრთხის ქვეშაა და შესაძლოა მასობრივი სიკვდილით დასჯა მოხდეს.
Deutche Welle-ს (DW) ინფორმაციით, თალიბები ჟურნალისტებსაც ეძებენ. 19 აგვისტოს დაჯგუფების წევრებმა DW-ს ჟურნალისტის ერთი ახლობელი მოკლეს, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრეს. როგორც გამოცემა წერს, თალიბები უშუალოდ ჟურნალისტს ეძებდნენ, რომელიც ამ დროისთვის უკვე გერმანიაში იმყოფება.


