რუსეთი უკრაინას ავღანური სცენარით დაემუქრა
19/08/2021 15:37:04 მსოფლიო
მოსკოვი კიევს "ავღანური სცენარით" ემუქრება და ამ პროგნოზს ანტიდასავლური ნარატივებით "ამყარებს".
"ავღანეთის წინა ხელისუფლება ვერ გადაარჩინა მისმა პროამერიკულმა ორიენტაციამ, ის ვერც უკრაინას იხსნის", - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გაზეთ "Известия"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ისიც აღნიშნა, რომ "აშშ უკრაინას ამერიკელებისთვის არასაჭირო იარაღით ჭყეპს და ამავე დროს ექსტრემიზმს, ნარკოტრაფიკსა და ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას ახალისებს, კიევი კი ამ დროს დასავლელი მფარველების საამებლად მათ ინტერესებს ემსახურება, იღწვის რა ნატო-ში".
"ვნახოთ, უშველა კი ავღანეთში ჩამოგდებულ პროამერიკულ რეჟიმს იმან, რომ ამ ქვეყანას მისი მმართველობისას ნატო-ს გარეთ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი ჰქონდა? მსგავსი სიტუაცია ელის ამერიკული არჩევანის მომხრეებს უკრაინაშიც, სადაც ხელისუფლებაში შესაძლოა, ნეონაცისტები მოვიდნენ. უკრაინა დაშლისკენ მიექანება, თეთრი სახლი კი გარკვეული მომენტისთვის კიეველ მოკავშირეებს არც კი გაიხსენებს", – დასძინა პატრუშევმა.


