
ცხინვალში "თალიბანის" აღიარებას არ გამორიცხავენ
19/08/2021 09:32:41 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ყოფილმა "საგარეო საქმეთა მინისტრმა" (2012-2015 წ.წ.) დავით სანაკოევმა მოძრაობა "თალიბანის" პოლიტიკური აღიარება არ გამორიცხა.
Facebook-ში განთავსებულ განცხადებაში მან ავღანეთის სათავეში "თალიბანის" დაბრუნებას "ტრიუმფალური" უწოდა, ხოლო ქვეყნიდან აშშ-ის ძალების გასვლას - "სამხრეთ აზიის გეოპოლიტიკური სივრცის რადიკალური გადაფორმატირების საწინდარი", რომელიც, სანაკოევის აზრით, "ასე თუ ისე კავკასიაზეც აისახება".
"ალანიის სახელმწიფოს მხრიდან "თალიბანის" პოლიტიკური აღიარების საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გონიერად და პრაგმატულად წარმოაჩენს თავს ავღანეთის ახალი ხელისუფლება. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით "თალიბანი" ამ დრომდე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ასეთადვე მიიჩნევს მას რუსეთის ფედერაციაც. თუ რეზოლუციას გააუქმებენ და "თალიბანს" რუსეთიც სხვაგვარად შეხედავს, საკითხი სულ სხვაგვარად გაიჟღერეს", - წერს ოსი "დეპუტატი".