"საველე ჰოსპიტლებზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ისე იმერეთში"
19/08/2021 08:05:14 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია.
გაბუნიას თქმით, ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ ამ ორ რეგიონზეა:
"საველე ჰოსპიტალი არის ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობა. ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ეს არის ორი დიდი რეგიონი, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვიყოთ მზად, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილების და მზაობის უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოები პროცესშია".
საქართველოში ამ დროისთვის ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. ორივე თბილისში მდებარეობს. დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში პირველი საველე ჰოსპიტალი 15 აგვისტოს მოეწყო. მასში 500-მდე საწოლია გაშლილი. მეორე კი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში. ჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 921 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4471 პირი გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი გარდაიცვალა.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 პირი გამოჯანმრთელდა, 6 590 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 363.


