სტოლტენბერგი განმარტავს, აშშ–ის გასვლის მიუხედავად, რატომ არ დარჩა NATO ავღანეთში
18/08/2021 13:32:05 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ავღანეთიდან აშშ-ის გამოსვლის შემდეგ ევროპელი მოკავშირეების ქვეყანაში დარჩენა "პოლიტიკურად შეუძლებელი" იყო.
"ავღანეთში ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო მისიის გაგრძელება პოლიტიკურად შეუძლებელი იყო, რადგან ქვეყანაში შესვლა აშშ-სთან ერთად განხორციელდა და დატოვებაც საერთო შეთანხმებით მოხდა. აშშ-ის გადაწყვეტილებამ შექმნა შესაბამისი პირობა NATO-ს გადაწყვეტილებისთვის. თუ ჩვენ მაინც დავრჩებოდით, თალიბები ჩვენზე თავდასხმებს განახორციელებდნენ და იძულებულები ვიქნებოდით, კვლავ გვეწარმოებინა ბრძოლები "თალიბანთან", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, NATO-ს წევრები ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ:
"ერთად მუშაობა ორგანიზაციის წევრების ეროვნულ ინტერესებშია, განსაკუთრებით გლობალური ძალთა ბალანსის, ჩინეთის და უფრო მტკიცე რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის ფონზე".
ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


