მედია – ჯალალაბადში თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებმაც "თალიბანის" დროშა ეროვნულით ჩაანაცვლეს
18/08/2021 11:38:11 მსოფლიო
ჯალალაბადში თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებმაც "თალიბანის" დროშა ეროვნულით ჩაანაცვლეს, – იუწყება "ალ-ჯაზირა".
მისი ცნობით, ადგილობრივები აპროტესტებდნენ, რომ თალიბები ავღანეთის ეროვნულ დროშებს შენობებიდან ხსნიან და "თალიბანის" დროშებით ანაცვლებენ. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მარში მოაწყვეს.
ჯალალაბადის ერთ-ერთ მოედანზე აქციის მონაწილეებმა "თალიბანის" დროშა ჩამოხსნეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებსა და თალიბებს შორის შეტაკება მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის სროლის ხმა. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 12 პირი დაშავდა.
ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


