ავღანეთში რუსეთის ელჩი: "თალიბების პირობებში ავღანეთში უკეთესია"
17/08/2021 12:39:47 მსოფლიო
ავღანეთში რუსეთის ელჩი დიმიტრი ჟირნოვი თვლის, რომ "თალიბების პირობებში ავღანეთში უკეთესია". ამის შესახებ მან "Эхо Москвы"-ს ეთერში საუბრისას განაცხადა.
"ახლა ვითარება უკეთესია, ვიდრე პრეზიდენტ განის პირობებში იყო. მე ვმსჯელობ თალიბების მიერ ქაბულზე კონტროლის დამყარებიდან პირველი დღე-ღამის შედეგებით. შთაბეჭდილება კარგია", – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ დიპმისიის თანამშრომელთა უსაფრთხოების თემაზე სასაუბროდ თალიბებთან შეხედრას გეგმავს.
ამ საკითხისადმი თალიბების მიდგომას ჟირნოვმა "ცალსახა, მკაფიო და პოზიტიურად საქმიანი" უწოდა. "ვერ ვხედავ წინაღობებს, რათა ყველა დეტალთან დაკავშირებით საერთო ენა გამოვნახოთ", – აღნიშნა მან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა რუსეთის საელჩოს დაცულობის უზრუნველყოფის გარანტია გასცეს.
კვირას რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა "თალიბანმა", რომელიც რუსეთში ტერორისტულად არის მიჩნეული და აკრძალულია, უბრძოლველად დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს.


