მოსკოვის სიახლოვეს თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]
17/08/2021 09:28:44 მსოფლიო
მოსკოვის სიახლოვეს რუსული წარმოების უახლესი მსუბუქი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის - Ил-112B-ის საცდელი ნიმუში ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა და სამივე დაიღუპა, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ცნობით, ავიაკატასტროფა წვრთნებისას, იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი კუბინკას აეროდრომზე დაშვებას ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის მარჯვენა ძრავა აალდა, რის შემდეგაც პილოტმა მართვა დაკარგა და თვითმფრინავი მიწაზე დაენარცხა.
Ил-112B-ის საცდელ ნიმუშს უახლოეს დღეებში ფორუმში "არმია-2021" უნდა მიეღო მონაწილეობა.
Ил-112В პირველი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც რუსეთში პოსტსაბჭოთა პერიოდში "ნულიდან" შემუშავდა. მასზე მუშაობა ХХ საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, თუმცა დაფინანსების სიმწირის გამო პროცესი მუდმივად ჭიანურდებოდა.


