გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ვერ განახლდეს
17/08/2021 07:57:43 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ვერ განახლდეს.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სწავლის დაწყების დროისთვის კვლავ მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება.
„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ %–ს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 %ის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.


