კინზინგერი ავღანეთის მოვლენების გამო ტრამპსა და ბაიდენს აკრიტიკებს: "სად არიან ახლა ისინი? რაც ხდება არის ლაქა ჩვენს ერზე"
16/08/2021 19:19:10 მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ავღანეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო აშშ-ის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს აკრიტიკებს.
მისი თქმით, ტრამპის გულუბრყვილო ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მისცა „თალიბანს“, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას შეეცადა ყოველგვარი გეგმის გარეშე:
"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ავღანეთის მთავრობა დაიშალა და "თალიბანმა" სრული კონტროლი აღადგინა. ეს აშშ–ის ყოფილი და მოქმედი ადმინისტრაციების არაშორსმჭვრეტელი, სუსტი და სრულად წარუმატებელი მიდგომების შედეგია. ტრამპის გულუბრყვილო ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მისცა „თალიბანს“, მასთან მშვიდობიანი, ღია მოლაპარაკებებით, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცადა წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ყოველგვარი გეგმის გარეშე. სად არიან ახლა ისინი? რას აკეთებენ დღეს ისინი უამრავი სიცოცხლის გადასარჩენად?
ეს არის კატასტროფა და ლაქა მთელ ერზე. მე გული მტკივა და გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც ხდება ავღანეთში, მეტწილად იმიტომ, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ჯარების გაყვანა მტრებს ამხნევებს ჩვენს, ხოლო მოკავშირეებს დიდ საფრთხეში აგდებს. და მაინც, პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღეს გადაწყვეტილებები - მტრებს განუცხადეს, რომ გადიოდნენ, ხოლო მოკავშირეებსა აცნობეს, რომ დანებდნენ".
მისი თქმით, რეალობა, რომელიც სადღეისოდ შეიქმნა, ახლა სამწუხაროა და შემდგომ კი საშიში და დამანგრეველი იქნება:
"რეალობა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, სამწუხაროა და შემდგომ კი საშიში და დამანგრეველი იქნება. ავღანეთში ქალთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა წყალში გადაყრილია. არსებობს ალბათობა იმისა, რომ ავღანეთი ტერორისტთა თავშესაფარი კიდევ ერთხელ გახდეს. მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაშიც ჩვენმა ავღანეთში ყოფნამ დაარწმუნა როგორც ავღანელი ხალხი, ისე ამერიკელები აქ, მთლიანად განადგურებულია.
დღეს მძიმე დღეა. მაგრამ მე გავაგრძელებ იმის გაკეთებას, რაც შემიძლია, რომ გავაკეთო ჩვენი მოკავშირეების დასახმარებლად, გავააქტიურებ მუშაობას ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რათა სპეციალური საიმიგრაციო ვიზების (SIVs) გაცემა სწრაფად მოხდეს. მე კვლავაც მადლობელი ვიქნები ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების – მამაკაცებისა და ქალების, რომლებიც მსახურობდნენ ავღანეთში. ეს მისია გვემახსოვრება, როგორც ღირსეული მისია და ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ მადლიერებას მათი თავდადებული სამსახურისა და მათ მიერ გაღებული უამრავი მსხვერპლის გამო".
ცნობისთვის: დღეს "თაიბანმა" ქაბული აიღო. მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. მოქალაქეებით გადავსებულია ქაბულის აეროპორტი. ხალხის მასის გაკონტროლების მიზნით აეროპორტში გამაფრთხილებელი სროლებიც განხორციელდა. მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი.


