პენტაგონი ქაბულის აეროპორტში დამატებით ძალებს გზავნის
16/08/2021 18:00:22 მსოფლიო
პენტაგონი ქაბულის აეროპორტში დამატებით ძალებს გზავნის.
"ამჟამად ქაბულის აეროპორტში 2500 ამერიკელი ჯარისკაცია, მათ დამატებით 500 სამხედრო უახლოეს საათებში შეუერთდება. ჩვენი ვარაუდით, ევაკუაციას უახლოეს საათებში განვაახლებთ", – განაცხადა პენტაგონის პრეს–მდივანმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ დღეს აეროპორტში ამერიკელმა სამხედროებმა ორი პირი მოკლეს:
"აშშ–ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს ორი შეიარაღებული პირი ქაბულის აეროპორტში".
ამ დროისთვის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი იძულებულნი იყვნენ აეროპორტი ცოტა ხნით დაეხურათ, წესრიგის აღდგენისა და ხალხის გაყვანის მიზნით, რათა რეისების განახლება შესაძლებელი გამხდარიყო.

ცნობისთვის: დღეს "თაიბანმა" ქაბული აიღო. მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. მოქალაქეებით გადავსებულია ქაბულის აეროპორტი. ხალხის მასის გაკონტროლების მიზნით აეროპორტში გამაფრთხილებელი სროლებიც განხორციელდა. მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი.
როგორ აპირებს საქართველო ქაბულში დარჩენილი თანამოქალაქეების გამოყვანას
საქართველო ქაბულში დარჩენილი თანამოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით", - განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინის ბორტით უნდა წამოსულიყვნენ, თუმცა, დაძაბულობის გამო აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს:
"აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით გვთხოვეს დახმარება, სამწუხაროდ, არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. დაგვირეკეს და გვთხოვეს დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა".
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ბაზიდან ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით თურქული მხარე მიიყვანს:
"ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. როგორც უკვე აღვნიშნე მათ საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილები, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში".
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთი 28 ივნისს დატოვეს.


