"თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი"
16/08/2021 08:32:28 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.
"გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია "წითელ ჯვართან", რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ.
საველე ჰოსპიტალი არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. 48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს.


