აშშ–ისა და ევროპის ქვეყნების საელჩოების პერსონალის ევაკუაციის პარალელურად, "თალიბანმა" ქაბულზე შეტევა ყველა მხრიდან დაიწყო
15/08/2021 08:51:07 მსოფლიო
"თალიბანმა" ქაბულზე შეტევა ყველა მხრიდან დაიწყო, – იუწყება Reuters ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
პარალელურად ქაბულში აშშ–ისა და დასავლეთის ქვეყნების რიგი საელჩოებიდან პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ამერიკის საელჩოში 50–ზე მეტი თანამშრომელი რჩება.
"აშშ-ის "ძირითადი გუნდის" წევრები მუშაობენ ქაბულის აეროპორტიდან, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების რამდენიმე თანამშრომელი დედაქალაქში უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია", – წერს Reuters.
მისივე ცნობით, "თალიბანი" თავის მებრძოლებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ძალადობას ქაბულში.
"ვისაც ქალაქის დატოვების სურვილი ექნება, მათთვის უსაფრთხო გასვლა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ქალები უსაფრთხო ადგილებზე უნდა გადავიდნენ", – განაცხადა "თაიბანის" ლიდერმა.
მოგვიანებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „თალიბანის“ თავდასხმების მიუხედავად, ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
რა ხდება ქაბულში
"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც აშშ-მა და სხვა უცხოურმა ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.
დაახლოებით 250 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი და მათი უმეტესობა ქაბულში წავიდა. ისინი შიშობენ, რომ თალიბების მიერ ქაბულის აღების შემთხვევაში უბედურება ელით.
მოქალაქეების ნაწილი, რომელიც "თალიბანის მიერ" კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიქცა, აცხადებს, რომ თალიბების მიერ დაკავებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილ ოჯახებს მოსთხოვეს, გადასცენ გაუთხოვარი ქალები.
"სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ, ვიდრე მაიძულებენ თალიბს ცოლად გავყვე. დღე და ღამე ვტირი", – აცხადებს 35 წლის მუჟდა, მარტოხელა ქალი, რომელიც ფარვანიდან ორ დასთან ერთად ქაბულში გაიქცა.
ვრცელდება ცნობები, რომ ქაბულში ბანკებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია. მათ დანაზოგი გააქვთ. თუმცა გარვცელებული ინფორმაციით, ბანკის ზოგიერთ ფილიალს ფული უკვე გაუთავდა.
ამასთან, ქაბულის ქუჩებსა და პარკში კარვებია გაშვლილი, სადაც თალიბების ტყვეობას გამოქცეული მოსახლეობა აფარებს თავს.




