Accentnews.ge
"თალიბანმა" მაზარ-ი-შარიფშიც აიღო, აშშ–სა და დასავლეთის ქვეყნებს ქაბულში მდებარე საელჩოებიდან პერსონალი სასწრაფოდ გაჰყავთ

"თალიბანმა" მაზარ-ი-შარიფშიც აიღო, აშშ–სა და დასავლეთის ქვეყნებს ქაბულში მდებარე საელჩოებიდან პერსონალი სასწრაფოდ გაჰყავთ

14/08/2021 20:00:23 მსოფლიო

დღეს "თალიბანმა" საკვანძო ქალაქი მაზარ-ი-შარიფშიც აიღო. აღნიშნული ქალაქის დაკავების შემდეგ თალიბები ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს უკვე სრულად აკონტროლებენ.

როგორც ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი ბრძოლის გარეშე დაეცა.

"თალიბანმა" აიღო კონტროლი მაზარ-ი-შარიფზეც. სამთავრობო ძალებმა მიატოვეს ტექნიკა და გაემართნენ უზბეკეთის საზღვრისკენ", – ბალხის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა აფზალ ჰადიდმა.

"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც 20–წლიანი ოპერაციების შემდეგ აშშ და NATO ავღანეთს ტოვებენ. იგი ქვეყნის პროვინციური დედაქალაქების ნახევრზე მეტს უკვე აკონტროლებს.

თალიბები ქაბულს უახლოვდებიან. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ამ დროისთვის ქაბულის აღების საფრთხე არ არსებობს, თუმცა „თალიბანი“ მის იზოლირებას ცდილობს.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის საელჩოს თანამშრომლებს "სენსიტიური მასალებისა და ნივთების" განადგურება დაავალეს.

"საელჩოს პერსონალმა მიიღო ბრძანება, რომლის თანახმად, მათ ევალებათ ისეთი ნივთებისა და მასალების, მათ შორის აშშ–ის დროშების, საელჩოს ლოგოების განადგურება, რომელიც შესაძლოა, მტერმა პროპაგანდის მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენოს. დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს მოუწოდებენ, დაწვან მგრძნობიარე მასალები – დაწყებული დოკუმენტებით, დამთავრებული ელექტრონიკით", – იუწყება CNN.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, რომელთაც ქაბულში დიპლომატიური უწყებები აქვთ, მათი ნაწილი საელჩოს კეტავს, ნაწილი კი პერსონალს მინიმუმამდე ამცირებს.

დასავლეთის ქვეყნები, რომელთაც ქაბულში მდებარე საელჩოებიდან პერსონალი გაჰყავთ:

გერმანია

ბერლინი აცხადებს, რომ საელჩოს პერსონალს მინიმუმამდე ამცირებს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, ქაბულში უკვე გაიგზავნა დამატებითი ძალები და გაძლიერებულია საელჩოს უსაფრთხოება.

მისივე თქმით, დიპლომატიური პერსონალისა და საელჩოში დასაქმებული ავღანელი ადგილობრივებისთვის ჩარტერული ფრენები განხორციელდება. როგორც მან აღნიშნა, ავღანეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გაიცემა გერმანიაში, რათა ევაკუაცია სწრაფად განხორციელდეს.

დანია

დანია ქაბულში მდებარე საელჩოს დროებით კეტავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის საელჩოს თანამშრომლები ისევე, როგორც ავღანეთის ნებისმიერ მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია საელჩოში და დანიურ ძალებში ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევაკუირებულნი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საელჩოში ან დანიურ ძალებში ბოლო ორი წლის განმავლობაში დასაქმებულ ავღანეთის მოქალაქეებს, (რომელთა რაოდენობა დაახლოებით 45–ია) დროებითი ბინადრობა შესთავაზა. ავღანეთის 45 მოქალაქეს შეუძლია ოჯახებით დანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად 2 წლით დროებით, შემდეგ კი მუდმივი ბინადრობის ნებართვის თხოვნით მიმართვის უფლება ექნებათ.

ესპანეთი

ესპანეთი დიპლომატიური უწყებიდან ყველა თანამშრომლის ევაკუაციას გეგმავს.

როგორც ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქვეყანა ასევე ევაკუაციას გაუწევს ავღანელ თარჯიმნებს, რომლებიც მუშაობდნენ ესპანურ ძალებთან ავღანეთში. "ვმუშაობთ თარჯიმნებისა და მათი ოჯახების ესპანეთში ჩამოყვანაზე უახლოეს დღეებში", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ნორვეგია

ნორვეგიამ ქაბულში მდებარე საელჩოს დროებით კეტავს. როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე სორიდემ განაცხადა, საელჩოში დასაქმებულ ნორვეგიის მოქალაქეებთნა ერთად, ავღანეთის მოქალაქეების (ოჯახებთან ერთად) ევაკუაციას განახორციელებს.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო ქაბულში მდებარე საელჩოს პერსონალს მინიმუმამდე ამცირებს. ბრიტანეთმა საელჩოს თანამშრომლებისა და თარჯიმნების ევაკუაციის დასაჩქარებლად ქაბულში 600 ჯარისკაცი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობას აქვს განსახლების პროგრამა ავღანელებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ თარჯიმანებად შეიარაღებულ ძალებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S