Accentnews.ge
CNN-"თალიბანმა" ქაბული იზოლაციაში შესაძლოა, 72 საათში მოაქციოს, აშშ–ის საელჩოს თანამშრომლებს "სენსიტიური მასალებისა და ნივთების" განადგურება დაავალეს

CNN-"თალიბანმა" ქაბული იზოლაციაში შესაძლოა, 72 საათში მოაქციოს, აშშ–ის საელჩოს თანამშრომლებს "სენსიტიური მასალებისა და ნივთების" განადგურება დაავალეს

13/08/2021 21:00:25 მსოფლიო

"თალიბანმა" ქაბული იზოლაციაში შესაძლოა, 72 საათში მოაქციოს, – იუწყება CNN დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ქაბულში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლებს "სენსიტიური მასალებისა და ნივთების" განადგურება დაავალეს.

"საელჩოს პერსონალმა მიიღო ბრძანება, რომლის თანახმად, მათ ევალებათ ისეთი ნივთებისა და მასალების, მათ შორის აშშ–ის დროშების, საელჩოს ლოგოების განადგურება, რომელიც შესაძლოა, მტერმა პროპაგანდის მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენოს. დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს მოუწოდებენ, დაწვან მგრძნობიარე მასალები – დაწყებული დოკუმენტებით, დამთავრებული ელექტრონიკით", – იუწყება CNN.

"ადგილზე შექმნილი ვითარება ამერიკელი დიპლომატებისთვის წარმოუდგენლად რთულია. გეგმები ყოველ წუთში იცვლება", – განუცხადა გამოცემას დიპლომატიურმა წყარომ.

ცოტა ხნის წინ პენტაგონში ავღანეთის საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყების წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ამ დროისთვის ქაბულის აღების საფრთხე არ არსებობს, თუმცა „თალიბანი“ მის იზოლირებას ცდილობს.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით შეერთებული შტატები ავღანეთში 3 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის.

"საზღვაო ქვეითი ბატალიონის ზოგიერთი დანაყოფი უკვე ქაბულშია. ველოდებით, რომ ხვალისთვის 3 000-იანი კონტინგენტის უდიდესი ნაწილი ადგილზე იქნება", – დასძინა ჯონ კირბიმ.

დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ "თალიბანის" დაპირებას ვერ ენდობა და დაუყოვნებლივ იღებს ზომებს ამერიკელი დიპლომატების ქაბულიდან უსაფრთხო ევაკუაციისთვის.

"თალიბანმა" განაცხადა, რომ მათ არ აქვთ განზრახვა, დიპლომატიურ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელონ. ჩვენ არ ვენდობით იმას, რასაც თალიბები ამბობენ. ამიტომაც ჩვენ ვიღებთ გონივრულ ნაბიჯებს ჩვენი სამოქალაქო პერსონალის გადასაყვანად, რათა მათ შესაძლო საფრთხე ავარიდოთ თავიდან", - განაცხადა პრაისმა.

ცნობისთვის: "თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც 20–წლიანი ოპერაციების შემდეგ აშშ და NATO ავღანეთს ტოვებენ.

დღეს "თალიბანმა" ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარიც აიღო. ქალაქი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭო ცენტრია, იქ მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტიც.

მანამდე, "თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი დაიკავა. მან აიღო ქაბულიდან 150 კილომეტრში მდებარე სტრატეგიული ქალაქი ღაზნიც. ღაზნის აღებას "თალიბანისთვის" სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ავღანეთის დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთთან აკავშირებს. ამის შემდეგ თალიბები შეტევებს სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთში კიდევ უფრო გაააქტიურებენ.

"თალიბანი" ახლა აკონტროლებს ავღანეთის რეგიონალური ქალაქების მესამედს, რაც დამანგრეველი დარტყმაა სამთავრობო ძალებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S