Accentnews.ge
"NATO ქაბულში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს და ავღანეთის მთავრობას შეძლებისდაგვარად დაუჭერს მხარს"

"NATO ქაბულში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს და ავღანეთის მთავრობას შეძლებისდაგვარად დაუჭერს მხარს"

13/08/2021 19:50:09 მსოფლიო

NATO ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობას შეძლებისდაგვარად დაუჭერს მხარს. ამის შესახებ NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი ქაბულში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს.

”ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად დავუჭიროთ მხარი ავღანეთის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალებს. ჩვენ ქაბულში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შევინარჩუნებთ და ქმედებას საჭიროებისამებრ გავაგრძელებთ. ალიანსი შეშფოთებულია თალიბების თავდასხმებითა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობებით. "თალიბანს" უნდა ესმოდეს, რომ არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, თუ ავღანეთზე კონტროლს ძალის გამოყენებით დაამყარებს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც 20–წლიანი ოპერაციების შემდეგ აშშ და NATO ავღანეთს ტოვებენ.

დღეს "თალიბანმა" ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარიც აიღო. ქალაქი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭო ცენტრია, იქ მდებარეობს საერთაშორისო საეროპორტიც.

მანამდე, "თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი დაიკავა. მან აიღო ქაბულიდან 150 კილომეტრში მდებარე სტრატეგიული ქალაქი ღაზნიც. ღაზნის აღებას "თალიბანისთვის" სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ავღანეთის დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთთან აკავშირებს. ამის შემდეგ თალიბები შეტევებს სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთში კიდევ უფრო გაააქტიურებენ.

BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით შეერთებული შტატები ავღანეთში 3 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის.

"თალიბანი" ახლა აკონტროლებს ავღანეთის რეგიონალური ქალაქების მესამედს, რაც დამანგრეველი დარტყმაა სამთავრობო ძალებისთვის.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების შეფასებით, ქაბული თალიბების თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, დაახლოებით, ერთ თვეში გახდეს. მისივე პროგნოზით, თუ ბრძოლების დღევანდელი ტემპი შენარჩუნდება ავღანეთი შესაძლოა, "თალიბანის" სრული კონტროლის ქვეშ დაახლოებით 3 თვეში მოექცეს.

"თალიბანის" დაწინაურებასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩნდება ეჭვი, რომ თალიბები ქვეყანაში შარიათის კანონს დააბრუნებენ. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თუ "თალიბანი" ავღანეთზე კონტროლს დაამყარებს და ქვეყანაში შარიათის კანონს აამოქმედებს, მაშინ ბერლინი ავღანეთს ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S