
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საელჩოსგან ნოტა მიიღო
13/08/2021 14:11:50 კონფლიქტები, პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საელჩოსგან ნოტა მიიღო ტურისტული კომპანია «Кулуар поход»-ის საქმიანობასთან, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
კიევში განაცხადეს, რომ თბილისის პოზიციას იზიარებენ.
«მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი სახელმწიფო დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობებს, განუხრელად უჭერს მხარს თბილისს, მტკიცედ ემხრობა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინული კომპანიის მსგავს საქმიანობას აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ», – განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ ნიკოლენკომ.
როგორც საგარეო უწყების პრეს-მდივანმა აღნიშნა, «საკითხით უკვე დაკავდნენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, კერძოდ, სამართალდამცველი უწყებები, რათა "ყველა გარემოება დადგინდეს და შესაძლო სამართებრივი შედეგები განისაზღვროს".
უკრაინაში საქართველოს საელჩომ "მიუღებელი" უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინული კომპანია «Кулуар поход» აფხაზეთში ტურების ორგანიზებას ეწევა. ამის შესახებ ინფორმაცია 10 აგვისტოს ბლოგერმა და მოგზაურმა, საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვალერი მარკუსმა გაავრცელა.საპასუხოდ კომპანიაში განაცხადეს, რომ აფხაზეთში ტურების ორგანიზებას არ ახორციელებენ, უბრალოდ ტურისტებს "კონსულტაციებს უწევენ მარშრუტებისა და აღჭურვილობის შესარჩევად". ამასთან, კომპანიამ "არასწორად მიწოდებული ინფორმაციის" გამო ბოდიშიც მოიხადა.თუმცა საიტ «Кулуар поход»-ის ვერსია, რომელიც ქეშშია შენახული, შეიცავს, კერძოდ, ინფორმაციას აფხაზეთის მთებში ლაშქრობების თაობაზე.აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც მუშაობს და კლიენტებს სვანეთის მთებში ლაშქრობებს სთავაზობს.