
კრემლმა "პატრიოტთა ალიანსს" უპასუხა
13/08/2021 13:45:48 პოლიტიკა
რუსეთის ხელისუფლება "იზიარებს შოშფოთებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მოწოდებას მათი გაუმჯობესებისაკენ" - ასე გამოეხმაურა კრემლი პრეზიდენტ პუტინისადმი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას თხოვნით, "ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას".
«ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მოწოდებას მათი გაუმჯობესებისაკენ. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს. როგორც ცნობილია, მათი გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ», – ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვა კრემლში იმის "დასტურად" შეაფასეს, რომ "რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში რჩებიან საღად მოაზროვნე ძალები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური კავშირების აღდენას ემხრობიან".
«რუსულ-ქართული დიალოგი გრძელდება», მათ შორის - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის დიალოგის არაფორმალური არხის სახით, - აღნიშნავს კრემლის პრეს-სამსახური და დასძენს, რომ "ამის წყალობით მიღწეულია გარკვეული შედეგები სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში".