"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის": "აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა, მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს"
13/08/2021 13:22:35 საზოგადოება
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ირაკლი აბსანძის გათავისუფლება აღქმას ტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის კრიტიკული განცხადებები გახდა.
კოალიციაში აღნიშნავენ, რომ აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, თუმცა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმეტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად.
"ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
- მედიაკლუბი
- მედიის განვითარების ფონდი
- მედიის უფლებები
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
- სატელევიზიო ქსელი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- ღია საზოგადოების ფონდი OSGF


