“პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, არასწორია”
13/08/2021 12:43:45 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, "პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, უსაფუძვლო და არასწორია".
"მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია. ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს.
რაც შეეხება ვალდებულებას, ჩემი აზრით, აცრა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალდებულებაა. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აცრა გვიცავს სიკვდილისგან!", – განაცხადა გიორგობიანმა.


